დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების 93-მა კურსდამთავრებულმა სამხედრო ფიცი დადო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფიცის დადების ცერემონია ხერთვისის ისტორიული ციხე-სიმაგრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, იუნკრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ კურსდამთავრებულებს სამხედრო კარიერული წარმატებები უსურვა. მან წარჩინებულ კურსდამთავრებულებსა და ინსტრუქტორებს „საპატიო სიგელები“ გადასცა.
საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. ხუთი კვირის განმავლობაში იუნკრებმა სამხედრო მოსამსახურის ჩამოყალიბებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განავითარეს.