ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ჰამბურგის ცნობილ საკონცერტო დარბაზში დაუკრავს
ჰამბურგის ახლადგახსნილ საკონცერტო დარბაზში – ElbPhilharmonie საერთაშორისო ფესტივალს სახელწოდებით „კავკასია“ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით 2 აპრილს დახურავს.
ეროვნული ორკესტრი გამართავს კონცერტს, რომლის სოლისტიც გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი იქნება. მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ დარბაზში ქართული სიმფონიური ორკესტრი სრული შემადგენლობით პირველად დაუკრავს. შესრულდება გია ყანჩელის სიმფონია N5 და Warzone, სერგეი რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტი N2, ასევე გაიმართება ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიური თხზულების The Silver Sun პრემიერა. პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
მსოფლიოს პირველი კლასის საკონცერტო დარბაზების სიას ჰამბურგის ElbPhilharmonie გასულ წელს შეემატა.
შვეიცარული კომპანიის მიერ შექმნილი შენობის უნიკალური აქტიტექტურისა და მდებარეობის გამო, კონცერტებზე დასწრების მსურველთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ბილეთის ყიდვა თვეებით ადრეც კი შეუძლებელია. გიგანტური აგურების საძირკველზე ნაშენ შუშის შენობას სამი მხრიდან ქალაქის მდინარე ესაზღვრება. 850 მილიონად ღირებული დარბაზი 10 წლის განმავლობაში შენდებოდა. ერთ წელიწადში ElbPhilharmonie-მ ორ მილიონამდე მსმენელს უმასპინძლა.
2 აპრილს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით ElbPhilharmonie-იის დარბაზში ასევე გაიხსნება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილი მუსიკალური პროგრამა, რომელიც მთელი წლის მანძილზე გერმანიის სხვადასხვა ქალაქში იქნება წარმოდგენილი.