ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა 2023 წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 105 ფაქტი გამოავლინეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა 2023 წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 105 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 105 ფაქტია გამოვლენილი.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ჯამურად, ჩამორთმეულია უკანონოდ მოპოვებული 1 500 კუბურ მეტრამდე მერქნული რესურსი. კანონდარღვევებს შორისაა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროებიც. სამართალდარღვევები, რომლებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ასევე, უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული მიმართულებით სამინისტროსა და სამინისტროს შესაბამის უწყებებში მუშაობა აქტიურად გრძელდება“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.

ქვეყნის მასშტაბით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია „საქმიან ეზოებში“, საიდანაც მათი რეალიზაცია ხდება.