დღეს და ხვალ ეროვნული საფეხბურთო ლიგის მეთორმეტე ტურის მატჩები გაიმართება. ტური დღეს დაიწყო და ორი მატჩი შედგება – ლანჩხუთის „ევგრაფი შევარდნაძეზე“ „სამტრედია“ თბილისის „დინამოს“ მიიღებს.
მიუხედავად გუნდების განსხვავებული სატურნირო მდგომარეობისა, ეს შეხვედრა ყოველთვის საინტერესო და პრინციპულია. მასპინძელთა მოტივაციას ისიც ზრდის, რომ ზედიზედ ათი ტურია არ მოუგიათ. „დინამომ“ კი ბოლო სამი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერ „საბურთალოს“ უკვე 5 ქულით ჩამორჩება.
ზესტაფონში კი აუტსაიდერები თამაშობენ – ფოთის „კოლხეთი“ ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება და მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდება.
20 მაისს სამი მატჩი დაიგეგმა – ბოლოადგილოსანი თბილისის „ლოკომოტივი“, რომელმაც წინა ტურში თბილისის „დინამოს“ 1:0 სძლია, ქუთაისის „ტორპედოს“ მასპინძლობს და ბოლო ადგილიდან თავის დაღწევის შანსი აქვს. „მიხეილ მესხზეც“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები ითამაშებენ – „რუსთავი“ საჩხერის „ჩიხურას“ შეხვდება.
ტურის ცენტრალურ შეხვედრას გორის „თენგიზ ბურჯანაძე“ უმასპინძლებს, სადაც „დილა“-„საბურთალოს“ მატჩი შედგება – სტუმრები 5-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდნენ და წაგების შემთხვევაშიც ლიდერობას არ დაკარგავენ. მაგრამ მორიგი გამარჯვება გუნდს პირველობის განმტკიცების საშუალებას მისცემს. „დილას“ კი მოგებით „დინამოს“ გადასწრებისა და მეორე ადგილზე დაწინაურების თეორიული შანსი აქვს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს მეორე არხი 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ.