ეროვნული ლიგა | აუტსაიდერმა „თელავმა“ გორის „დილა“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის აუტსაიდერმა, „თელავმა“ ერთ-ერთ ლიდერს, გორის „დილას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა.
საქართველოს ჩემპიონატის 30-ე ტურში თბილისის „იბერიამ“ სტუმრად „სამტრედიას“ მოუგო და გორის „დილას“ გადაასწრო. აქედან გამომდინარე, გორელებს „თელავთან“ მხოლოდ და მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს.
მაგრამ „კავკასიონი არენაზე“ გამართული შეხვედრა „თელავმა“ კარგად ჩაატარა და ანგარიში პირველივე ტაიმში გახსნა – მე-11 წუთზე ანდრე მენსალაოს გადაცემით თავი თორნიკე მორჩილაძემ გამოიჩინა.
„თელავმა“ შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 27 ქულა დააგროვა, „სამტრედიას“ (26) გადაასწრო და ბოლო ადგილს თავი დააღწია. გორის „დილამ“ (58) კი „იბერიის“ (61) დაწევის შანსი ხელიდან გაუშვა და მეორე ადგილზე დარჩა.