ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრა
ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრა

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიაში სამხედრო მოსამსახურეების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაცილების ცერემონია გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) გაცილების ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი, პასკალ მენიე და ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრმა სამწყობრო მოედანზე შეკრებილ ეროვნული გვარდიის მსუბუქი ქვეითი ოცეულის ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა, მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობასა და მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუციაზე გაამახვილა.

პირად შემადგენლობას ასევე, სიტყვით მიმართეს გენერალური შტაბის უფროსმა, ევროკავშირისა და საფრანგეთის ელჩებმა.

სამინისტროს ცნობით, ეროვნული გვარდიის ნაკრების ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში EUTM RCA, 6 თვის განმავლობაში, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში მიიღებს მონაწილეობას. ქვედანაყოფი II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ნაკრებ ოცეულს ჩაანაცვლებს.

კონტინგენტი დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ განთავსდება. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენს.

საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩის თქმით, ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში ქართველები თავიანთ ევროპელ და ფრანგ პარტნიორებთან ერთად პრაქტიკაში განახორციელებენ იმ ცოდნას, რაც მიღებული აქვთ, ხოლო სხვებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან, გამოცდილებას გაუზიარებენ

„ძალიან ამაღელვებელი ცერემონია იყო. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ევროპელი და კონკრეტულად ფრანგული შეიარაღებული ძალების მხარდამხარ მისიას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ასრულებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან სამხედრო თანამშრომლობის გარდა, ადამიანურ ფაქტორსაც უკავშირდება. იქ ერთგვარი მეგობრული, ძმური კავშირი იქმნება. სამხედრო თანამშრომლობაც ლამაზი სიტყვების გარდა, რეალურად იქ ხორციელდება. ჩვენი ჯარისკაცები ქართველების ჩართულობას, მათ მეგობრულ დამოკიდებულებას ადგილზე განსაკუთრებით აფასებენ. ეს მისია იმითაც არის საინტერესო, რომ ქართველი ჯარისკაცები ახალ, საქართველოსგან სრულიად განსხვავებულ გარემოს, კულტურას აღმოაჩენენ. ისინი თავიანთ ევროპელ და ფრანგ პარტნიორებთან ერთად, პრაქტიკაში განახორციელებენ იმ ცოდნას, რაც მიღებული აქვთ, სხვებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან, გამოცდილებას გაუზიარებენ“, – განაცხადა პასკალ მენიემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში ქართველების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს კონტრიბუციას ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში. ქართველების მონაწილეობა იმ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათთან ერთად მუშაობით, მისიაში ჩართულობთ, უკეთ ვაცნობიერებთ როგორი პროფესიონალები არიან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, ქართველების მხრიდან სოლიდარობა, საერთო ღირებულებების ირგვლივ გაერთიანება, მათი დაცვა, უსაფრთხო მომავალზე ზრუნვა. ეს ყველაფერი სიმბოლურ პოლიტიკურ დატვირთვასაც იძენეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ვაფასებთ საქართველოს წვლილს, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმს, რომლებიც ევროპული ქვეყნების სხვა სამხედროებს არაფრით ჩამოუვარდებიან და მათთან ძალიან კარგად თანამშრომლობენ“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.