ეროვნული გამოცდების შედეგად, წელს 16 მსჯავრდებული სტუდენტი გახდა
ეროვნული გამოცდების შედეგად, წელს 16 მსჯავრდებული სტუდენტი გახდა

ეროვნული გამოცდების შედეგად, წელს სტუდენტი 16 მსჯავრდებული პირი გახდა. ამის შესახებ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად ზრუნვას აგრძელებს. ამ მიმართულებით სისტემაში წარმატებულად გატარებული რეფორმების შედეგად, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები მსჯავრდებულებმა წარმატებით ჩააბარეს – სტუდენტი გახდა დამატებით 16 მსჯავრდებული“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია მსჯავრდებულთა განათლებაზე ზრუნვა.

„სწორედ ამ მიზნით გასულ წელს პენიტენციურ სისტემაში „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა. ახალი პლატფორმა მათთვის შესაძლებლობას ქმნის, დისტანციურად მიიღონ უმაღლესი აკადემიური განათლება, ონლაინრეჟიმში დაესწრონ ლექციებს და ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.

დაწესებულებებში უმაღლესი განათლების მიღების მსურველი მსჯავრდებულების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება; უმჯობესდება უშუალოდ საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის საშუალებები; დაკმაყოფილებულია ჩასაბარებლად მოსამზადებელი ეტაპისთვის ყველა საჭიროება.

განათლების მიღების მაღალი ხელმისაწვდომობა ნებისმიერ მსჯავრდებულს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციაში დაეხმარება“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.