ეროვნული ბიბლიოთეკის, მარო მაყაშვილის სახელობის ბაღში გამოფენა „100 წელი ოკუპაციიდან“ გაიხსნა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის მარო მაყაშვილის სახელობის ბაღში გამოფენა „100 წელი ოკუპაციიდან“ გაიხსნა.
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის, მირიან ხოსიტაშვილის განცხადებით, გამოფენით ახსენებენ საზოგადოებას, რა რთული პერიოდი გაიარა საქართველომ და რა დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს სწორ განვითარებაზე ოკუპაციამ.
„სიმბოლურია, რომ სწორედ მარო მაყაშვილის ბაღში გავაკეთეთ ეს ღონისძიება. ცხადია, რეგულაციების დაცვით, პანდემიურ სიტუაციაში. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვახსენებთ საზოგადოებას, რა რთული პერიოდი გამოიარა საქართველომ და ოკუპაციამ რა დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს სწორ განვითარებაზე, რომელზეც იდგა პირველი რესპუბლიკა, ხოლო ქვეყნის ოკუპაციამ და დაპყრობამ აბსოლუტურად შეცვალა მისი ისტორიული მნიშვნელობა და როლი“, – განაცხადა ხოსიტაშვილმა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, გამოფენა გაიხსნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI-ს) და შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ხელშეწყობით.