ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიუხედავად, წელს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებენ
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს, რომ ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, მიმდინარე წელს ეროვნული ბანკი მაინც მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს.
მესტვირიშვილის თქმით, ინფლაციის კლებას დიდწილად იმპორტირებული პროდუქტების ფასების შემცირება განაპირობებს. მისივე განმარტებით, ეს ტენდენციები, გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, ადგილობრივ ბაზარს ეტაპობრივად გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს.
„წლის ბოლოს და მთელი წლის განმავლობაში მოველით, რომ ინფლაცია მიზნობრივზე მნიშვნელოვნად დაბალი იქნება. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, წლის ბოლოს, ჩვენი პროგნოზით, დაახლოებით 1%-ის ფარგლებში იქნება ინფლაცია. აქედან გამომდინარე, არ მიგვაჩნია, რომ ეს დროებითია. რაც შეეხება წამლებზე ფასების შემცირებას, ამას გავლენა ჰქონდა და მთლიანი ინფლაცია უფრო სწრაფად შემცირდა, ვიდრე სხვა შემთხვევაში მოხდებოდა. ეს სოციალურად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, უფრო მნიშვნელოვანია, როგორ იქცევა ინფლაცია. აქედან გამომდინარე, გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას მაინც ვინარჩუნებთ. განაკვეთების შემცირების მიუხედავად, კიდევ ველოდებით, რომ განაკვეთი შემცირდება, წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკა მაინც გამკაცრებული დარჩება“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ერთი წლის თავზე, დღეს პირველად ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით შეამცირა და განაკვეთი ახლა 10.5 პროცენტს შეადგენს.