ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ივნისში სურსათის წლიურმა ინფლაციამ 9.0 პროცენტი შეადგინა
2021 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ 9.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო მაისთან შედარებით ფასები 0.7 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებელზე ზრდის მიმართულებით ყველაზე მეტად კარტოფილის 0.4 პროცენტული პუნქტით და გაზის გადასახადის 0.3 პროცენტული პუნქტით გაძვირებამ იმოქმედა. ყველის და პომიდვრის გაიაფებამ კი ინფლაციის მაჩვენებელზე შემცირების მიმართულებით იქონია გავლენა, თითოეულმა -0.2 პროცენტული პუნქტით.
„წლიურ ჭრილში, ინფლაციაზე ყველაზე დიდ გავლენას, 1.7 პროცენტული პუნქტით, კომუნალური გადასახადები ახდენდა. როგორც წინა ანგარიშში აღვნიშნეთ, ამის მიზეზი, მეტწილად, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების დასრულება და ასევე გარკვეული კომუნალური გადასახადების ზრდაა. მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა. საწვავის წვლილმა წლიურ ინფლაციაში ივნისში 1.6 პროცენტული პუნქტს მიაღწია.
ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 11.6 პროცენტით გაძვირდა, ხოლო სიგარეტის წვლილმა ინფლაციაში 0.2 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ამასთან, როგორც სებ-ში განმარტავენ, სურსათის წლიურმა ინფლაციამ 9.0 პროცენტამდე, ხოლო წვლილმა მთლიან ინფლაციაში 2.5 პროცენტული პუნქტამდე მოიმატა.
„აქედან გამოსარჩევია მსოფლიო ბაზარზე ფასის მატების გამო მზესუმზირის ზეთის 96.1 პროცენტით გაძვირება, რამაც მთლიანი ინფლაცია 0.7 პროცენტული პუნქტით გაზარდა. კვერცხის, კარტოფილის და შაქრის გაძვირებამ ინფლაცია ჯამში ასევე 0.7 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ინფლაციის შემცირების მიმართულებით 0.3 პროცენტული პუნქტით ვაშლის გაიაფება მოქმედებდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 5.8 პროცენტამდე შემცირდა“, – განმარტავენ სებ-ში.