ეროვნული ბანკის საბჭოში ასარჩევად ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს
პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში გათვალისწინებულია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში ასარჩევად ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების კენჭისყრის საკითხი. ორივე კანდიდატურა პარლამენტს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა.
საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დღეს ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებზე უნდა ემსჯელათ, თუმცა საბჭოს წევრობის აღნიშნული კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე არ მივიდნენ. მომხსენებლმა გიორგი მსხილაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ ვიდრე არ გაუქმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება, მანამდე მიზანშეუწონლად მიაჩნიათ კომიტეტში კანდიდატების წარმოდგენა. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატები სხდომას არ ესწრებოდნენ, კენჭისყრა შედგა და კომიტეტის წევრებმა მათ მხარი არ დაუჭირეს.
საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელი სხდომის შემდეგ უმრავლესობის წევრებმა თქვეს, რომ დღევანდელ კენჭისყრისას გახდება ცნობილი, აირჩევენ თუ არა საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს.
ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში, ცხრა წევრის ნაცვლად, მხოლოდ შვიდი წევრია. მათგან სამმა – საბჭოს ვიცე-პრეზიდენტებმა – საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილისა და ნიკოლოზ გაგუას გადადგომაზე ინფორმაცია ბიურომ ცნობად დღევანდელ სხდომაზე მიიღო. კანონის გათვალისწინებით, ისინი საბჭოს წევრობას ორ თვეში – 21 ნოემბრიდან დატოვებენ.