ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა და ვიცე-პრეზიდენტთა რაოდენობის გაზრდა იგეგმება
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტთა რაოდენობის გაზრდა იგეგმება. შესაბამისი ცვლილება „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა. ცვლილებების ინიცირება 16 მარტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა შვიდის წევრის ნაცვლად ცხრა წევრით განისაზღვრება, ხოლო ვიცე-პრეზიდენტთა რაოდენობა ორის ნაცვლად, სამით.
ამასთან, ინიციატივაში ნათქვამია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ცვლილებიდან გამომდინარე, იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა და აღნიშნული ოთხი წევრის ნაცვლად, ხუთით განისაზღვრება.
„ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობის 9 წევრამდე გაზრდა განპირობებულია, ერთი მხრივ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა კენტი რაოდენობის შენარჩუნების, ხოლო მეორე მხრივ, საუკეთესო კორპორაციული მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა უმრავლესობას არააღმასრულებელი წევრები შეადგენდეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს წევრთა რაოდენობა ცხრა წევრზე ნაკლები იქნება, სამი ვიცე-პრეზიდენტის არსებობის პირობებში, საბჭოს შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი აღმასრულებელი და არააღმასრულებელი წევრები“, – განმარტავს მთავრობა.