ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2019 წელს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზრდება
ეროვნული ბანკი ეკონომიკური ზრდის მიმდინარე მიმდინარე პროგნოზს, უცვლელად, 5,5 პროცენტის დონეზე ტოვებს. ამასთანავე ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური აქტივობის მერყეობა გაზრდილია. თუმცა, ეს პროცესი, ნაწილობრივ დროებით ხასიათს ატარებს. რაც შეეხება 2019 წლის პროგნოზს, ეროვნული ბანკი ეკონომიკის 5 პროცენტიან პროგნოზს ვარაუდობს.
„ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ძალად კვლავ წმინდა ექსპორტი დარჩება, თუმცა საგრძნობი იქნება მოხმარებისა და ინვესტიციების წვლილიც, დაგეგმილი ფისკალური სტიმულისა და საკრედიტო აქტივობის ზომიერი ზრდის ფონზე“, – ნათქვამია ანგარიშში.
ეროვნული ბანკის ანალიზის მიხედვით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის არსებული პროგნოზი შესაძლოა, ფაქტიურისგან განსხვავებული აღმოჩნდეს. ამ კუთხით საყურადღებოა ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებთან დაკავშირებული რისკები: საკრედიტო პორტფელის მოსალოდნელზე ნაკლები ზრდა, ამ შემთხვევაში ეკონომიკური აქტივობა პროგნოზირებულზე ნაკლები იქნება, ასევე გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის გამწვავება, რასაც თან დაერთვება ფულადი ნაკადების შემოდინების კლება.
„ეს კი, თავის მხრივ, მოხმარებაზე, ბიზნეს განწყობებსა და ინვესტიციებზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს და ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე ნაკლებად ზრდას გამოიწვევს. ამის საპირისპიროდ, თუკი ბიზნეს განწყობა მოსალოდნელზე მეტად გაუმჯობესდება, მაშინ ინვესტიციებისა და, შედეგად, ეკონომიკური აქტივობის ზრდა მოსალოდნელზე მეტი იქნება“, – განმარტავენ ეროვნულ ბანკში.