ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 1.4 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ტურიზმიდან შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 1.4 პროცენტით გაიზარდა და 3 მილიარდ 268 მილიონ დოლარს მიაღწია. 2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 3 მილიარდ 222 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისში ტურიზმიდან შემოსავლები იზრდებოდა, თუმცა მოსკოვის ავიასანქციების ამოქმედების შემდეგ, ივლისი-სექტემბერში მაჩვენებლის კლება დაფიქსირდა. ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა ოქტომბრიდან განახლდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა.