ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეიქმნება რამდენიმე დამატებითი ინსტრუმენტი, რომელთა საშუალებითაც შესაძლოა, შემცირდეს ბაზარზე დღეს არსებული საპროცენტო განაკვეთები
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეიქმნება რამდენიმე დამატებითი ინსტრუმენტი, რომელთა საშუალებითაც შესაძლოა, შემცირდეს ის საპროცენტო განაკვეთები, რაც დღეს ბაზარზეა.
ამის შესახებ მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეროვნულმა ბანკისა და ანალიტიკურ-კვლევითი ორგანიზაციების მიერ მთავრობის პოსტკრიზისული გეგმის ძირითადი საკითხების განხილვისას გახდა ცნობილი.
ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში, საკონსულტაციო პლატფორმის ფორმატში გამართულ ვიდეოკონფერენციას უძღვებოდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილე ანალიტიკური-კვლევითი ორგანიზაციების მხრიდან, პოზიტიურად შეფასდა ყველა ის ღონისძიება, რომელსაც მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ახორციელებს და გამოითქვა მოსაზრებები პოსტკრიზისულ ეკონომიკურ პროგრამაზე, რასთან დაკავშირებითაც ისინი საკუთარ რეკომენდაციებს მთავრობას უახლოეს პერიოდში წარუდგენენ. აგრეთვე, შეხვედრის მიმდინარეობისას, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ეროვნული ბანკის მისამართით წამოჭრილი მთავარი საკითხი ლარის ლიკვიდობის მიწოდებას შეეხებოდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საკონსულტაციო პლატფორმა პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად, როგორც ანტიკრიზისული გეგმის, ისე პოსტკრიზისული პროგრამის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და პოზიტიურ ტენდენციებზე დაბრუნება უნდა უზრუნველყოს. განსახილველ თემებს შორის იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პოსტკრიზისულ გეგმაში დამატებითი ღონისძიებები ტურიზმის სფეროს მხარდასაჭერად; სამშენებლო- დეველოპერული სექტორისა და მსხვილი ბიზნესის ხელშეწყობა; პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხარდაჭერის პოლიტიკა და კერძო სექტორში კორპორაციული მმართველობის განვითარება, როგორც პოსტკრიზისული ინსტრუმენტი.
მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან და ანალიტიკურ-კვლევით ორგანიზაციებთან შეხვედრებს პერმანენტულად გამართავს. შეხვედრებში ჩართულია USAID-ის „ეკონომიკური მმართველობის პროგრამა“, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობისა და კვლევითი ორგანიზაციების საკონსულტაციო პლატფორმას ქვეყნის ეკონომიკაზე ეპიდემიის გავლენის საკითხებთან მიმართებაში.