ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქართული ბანკების აქტივები დეკემბერში 966 მილიონით გაიზარდა და 56.9 მილიარდს მიაღწია
2021 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის ჯამურმა აქტივებმა 56.9 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 966.9 მილიონით მეტია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აქტივების ზრდამ 1,73% შეადგინა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი ეს ზრდა 2.30% იყო. აქტივების ზრდა ძირითადად დეპოზიტების ერთ მილიარდიანმა მატებამ განაპირობა. ამასთან, გასული თვის განმავლობაში ბანკების სასესხო პორტფელის ზომა 858 მილიონით გაიზარდა.
„საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი იანვრისათვის 34.63 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.04 მლრდ ლარით, ანუ 3.09%-ით მეტია პირველი დეკემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.57%-ით მეტი). დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 21.21 მლნ ლარით, ანუ 0.13%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.43%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.06 მლრდ ლარით, ანუ 6.07%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 6.49%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 38.61 პროცენტი შეადგინა. პირველი დეკემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.57 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.39 პროცენტული პუნქტით).
დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.34% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.31%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.01%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.24%, ხოლო ევროს წილმა 14.39% შეადგინა”, – ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.
რაც შეეხება სესხებს, როგორც ანგარიშშია აღნიშნული მოცულობამ პირველი იანვრისათვის 38.22 მლრდ ლარი შეადგინა.
„კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 858.68 მლნ ლარით (2.30%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.23%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 38.22 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 676.90 მლნ ლარით (4.16%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 181.77 მლნ ლარით (0.86%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.74%-ით). რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.42 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 6.90%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.20 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.70%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.58%-ით მეტი).
2020 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.51%-ით, ანუ 279.75 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 18.75 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.32 პროცენტი შეადგინა, 2020 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.79 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.82 პროცენტული პუნქტით)“, – ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.