ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 31.86 მილიონი ლარით შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 31.86 მლნ ლარით, ანუ 0.09 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.89%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 36.35 მლრდ ლარი შეადგინა.
მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 468.32 მლნ ლარით (3.03%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 500.18 მლნ ლარით (2.39%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.68%-ით).
ცენტრალური ბანკის ცნობით, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.90 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.66%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.54 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.08%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.01%-ით ნაკლები).
„2020 წლის ოქტომბრის განმავლობაში 0.16%-ით, ანუ 29.13 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 18.08 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.87 პროცენტი შეადგინა, 2020 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 1.33 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.90 პროცენტული პუნქტით)“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.