ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოქტომბერში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 13.7 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წელთან შედარებით 13.7 პროცენტით მოიმატა და 206.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 26.9 პროცენტით, 30.3 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
„საანგარიშო თვეში რეგიონის ქვეყნებიდან ზრდის მაღალი ტემპით 1037.6 პროცენტით ყირგიზეთიდან და 306.2 პროცენტით ყაზახეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები გამოირჩეოდნენ, რომელთა წვლილი მთლიანი გზავნილების ცვლილებაში, შესაბამისად, 3.1 და 3.1 პროცენტული პუნქტებით აისახა. ფულადი გადმორიცხვები რუსეთიდან მცირედით გაიზარდა, ხოლო თურქეთიდან და უკრაინიდან შემცირდა. საანგარიშო თვეში ჯამურად ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა 14.8 პროცენტით მოიმატა, რაც, ძირითადად, 20.2 პროცენტით იტალიიდან და 37.6 პროცენტით გერმანიიდან გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. საბერძნეთიდან გზავნილების მოცულობა ზომიერად შემცირდა. დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა 11.6 პროცენტით აშშ-დან და 10.9 პროცენტით ისრაელიდან მიღებულმა თანხებმა. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს 41.1 პროცენტით ევროკავშირის ქვეყნები, 17.5 პროცენტით რუსეთი და 11.5 პროცენტით აშშ წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.