ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შეფასებით, კორონავირუსის საფრთხის ზრდამ შესაძლოა, დაკრედიტების ტემპი შეანელოს
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შეფასებით, კორონავირუსის საფრთხის ზრდამ შესაძლოა, დაკრედიტების ტემპი შეანელოს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0 პროცენტზე დატოვა.
ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბერში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 15.9 პროცენტი შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდით არის განპირობებული.
ამასთანავე ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც მაღალი საკრედიტო ზრდისა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს.
„მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ზრდა ეკონომიკური აქტივობის თანაზომიერი იყოს და სესხების ზრდა ხელს უწყობდეს ეკონომიკის მდგრად ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ისე, რომ ფინანსური სტაბილურობის რისკები არ დაგროვდეს. არსებული საკრედიტო ზრდა ნომინალურ ეკონომიკურ ზრდას საგრძნობლად, 8 პროცენტრული პუნქტით აღემატება. ასე გაგრძელება რისკების დაგროვებას გამოიწვევს. კომიტეტის შეფასებით, კორონავირუსის საფრთხის ზრდამ შესაძლოა, დაკრედიტების ტემპი შეანელოს, რის შედეგადაც სესხების მშპ-თან ფარდობა გრძელვადიან ტრენდს დაუახლოვდება“, – აღნიშნულია ბანკის ინფორმაციაში.
ამასთან, ეროვნული ბანკის აცხადებს, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ამოქმედების შემდეგ, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ზრდა შენელდა და შემოსავლების ზრდას უფრო მეტად შეესაბამება.
„2020 წლის იანვარში ბანკების მიერ შინამეურნეობების დაკრედიტების წლიურმა ზრდამ 10.8 პროცენტი შეადგინა. შინამეურნეობებზე გაცემული სესხების წლიურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი იპოთეკურმა და ინდივიდუალურ მეწარმეებზე გაცემულმა სესხებმა შეიტანა. გარდა ამისა, 2019 წლის დასაწყისიდან გაუმჯობესდა დაკრედიტების სტანდარტები. კერძოდ, შემცირდა ისეთი იპოთეკური სესხების წილი, რომელთა მომსახურების კოეფიციენტი (PTI) 50 პროცენტზე მეტია. ამასთან, გაიზარდა ფინანსური რესურსი იურიდიული პირების დასაფინანსებლად“, – აცხადებს ეროვნული ბანკი და აღნიშნავს, რომ 2020 წლის იანვარში იურიდიული პირების დაკრედიტების წლიური ზრდა 22.9 პროცენტამდე გაიზარდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.6 პროცენტული პუნქტით აღემატება.