უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 10 წლამდე შემცირდება
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 15-დან 10 წლამდე შემცირდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ცენტრალური ბანკი უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხების ზრდის ტემპის დაჩქარებით ხსნის. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„2021 წლის აპრილიდან, ეკონომიკის აღდგენისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პარალელურად, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების ზრდა დაჩქარდა. არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ასეთი სესხების წლიური ზრდის ტემპი 2022 წელს 10%-ს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების უმეტესობა არაჰეჯირებულია, რაც მათ მაღალ მოწყვლადობაზე მიანიშნებს და პორტფელის ზომიდან გამომდინარე, ხელს უწყობს ფინანსურ სექტორში სისტემური რისკ-ფაქტორების დაგროვებას. ეს, ასევე, საფრთხეს უქმნის უძრავი ქონების ბაზრის მდგრადობას. იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია, შესაბამისად, სესხებს გაცვლითი კურსის რისკთან ერთად, ახლავს საპროცენტო რისკი, რომელიც განსაკუთრებით საგულისხმოა მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე ისტორიულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის წინაპირობების გათვალისწინებით. უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება აღნიშნულ მოწყვლადობებს შეამსუბუქებს და მსესხებლებისთვის სტრესის შთანთქმის უნარს სესხების დაგრძელვადიანების შესაძლებლობით გაზრდის, რაც ეფექტიანად იქნა გამოყენებული მიმდინარე პანდემიის დროსაც. ასევე, ვადიანობის შემცირება სესხების ამორტიზაციას დააჩქარებს, რაც საკრედიტო რისკს შეამცირებს და ხელს შეუწყობს დედოლარიზაციას“, – აღნიშნულია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
ამასთან, როგორც სებ-ში განმარტავენ, დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც პანდემიის გავლენის მასშტაბებისა და ეკონომიკის აღდგენის დინამიკის შეფასება უკეთესად არის შესაძლებელი, ვიდრე ეს პანდემიის დასაწყისში იყო, შოკის შესაძლო გავლენა ფინანსურ სექტორზე დიდწილად უკვე ასახულია.
„კვლავ ნარჩუნდება გაურკვევლობა, მათ შორის, ვაქცინაციის ჩატარებისა და პანდემიის დასრულების ვადებთან დაკავშირებით. საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკ-ფაქტორების შეფასებას და შესაძლო რისკის მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს“, – აღნიშნულია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2022 წლის 2 მარტს გაიმართება.