საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საბანკო სისტემაზე „კოვიდ-19“-ის კრიზისის შედეგები მეტწილად უკვე ასახულია. ასევე წლიურ ჭრილში გაორმაგებულია უმოქმედო სესხების მოცულობა და ის ამჟამად 8.4 პროცენტს შეადგენს.
ეროვნულ ბანკი რისკებს ხედავს დაკრედიტების ზრდის ტემპში, რომელიც სებ-ის შეფასებით, მშპ-ის ზრდის ტემპს ასწრებს. წარმოდგენილი შეფასების თანახმად, ქვეყანაში სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 2020 წელს მკვეთრად გაიზარდა და 80 პროცენტს მიაღწია.
გადაწყვეტილებაში საუბარია საბანკო სექტორის კაპიტალის ბუფერებზეც, რომლებიც 2020 წელს კრიზისის დაწყების დროს შემსუბუქდა. სებ-ის გადაწყვეტილების თანახმად, ბუფერების აღდგენის პროცესი კომიტეტის შემდეგი სხდომიდან დაიწყება და ბუფერების შესავსებად ბანკებს ერთი წლის ვადა მიეცემათ.
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად, ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას 2021 წელსაც გააგრძელებს. 2021 წელს ბანკები კაპიტალის და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლებით შეხვდნენ. მიუხედავად პანდემიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკრედიტო დანაკარგებისა, საბანკო სისტემამ 2020 წელი მცირე, თუმცა მაინც დადებითი მოგებით დაასრულა. პორტფელში უმოქმედო სესხების წილი 2020 წლის დასაწყისიდან 3.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მიმდინარე მდგომარეობით 8.4 პროცენტს შეადგენს, თუმცა აქტივების ხარისხის შეფასება გრძელდება და, შოკის სიმძიმიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 10 პროცენტს მიაღწევს. ეს პროგნოზი საბაზო სცენარს ეფუძნება და ბანკებს შესაბამისი რეზერვი უკვე შექმნილი აქვთ, ამიტომ მათ ფინანსურ მაჩვენებლებზე, ამ მხრივ, დამატებითი ნეგატიური გავლენა მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, კომიტეტის შეფასებით, 2021 წელს საბანკო სექტორი მდგრადობას შეინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას გააგრძელებს.
ეროვნული ბანკი 2020 წლის მარტში გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის აღდგენის დაწყების თარიღს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შემდეგ შეხვედრაზე განიხილავს. როგორც წინა კომიტეტის პრესრელიზში იყო აღნიშნული, საბანკო სექტორს საკმარისი დრო მიეცემა ბუფერების თავიდან დასაგროვებლად, რათა აღნიშნული ბუფერები ეტაპობრივად და განსაკუთრებული სირთულეების გარეშე შეივსოს. უფრო კონკრეტულად კი, სავალუტო საკრედიტო რისკის (CICR) ბუფერის აღსადგენად ბანკებს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 1 წელი მიეცემათ, ხოლო კონსერვაციის ბუფერის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი, ორი წელი. ამასთან, ჩვეულ რეჟიმში გრძელდება მიმდინარე წლის მარტში დაგეგმილი კონცენტრაციის ბუფერისა და წმინდა GRAPE ბუფერის ახალი განაკვეთების ამოქმედება და წლის ბოლოს დაგეგმილი სისტემურობის ბუფერის ზრდა. ბანკებში არსებული კაპიტალის ბუფერების და მოსალოდნელი მომგებიანობის გათვალისწინებით, გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის აღდგენა საკრედიტო აქტივობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. 2021 წლის იანვარში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 8.9 პროცენტი შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. ამასთან, სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც წინა პერიოდებში მაღალი საკრედიტო ზრდისა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სესხების მშპ-თან ფარდობის არსებული დონე მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით მაღალია, რაც გაზრდილ გეპთან ერთად, ვალის ტვირთის და მოწყვლადობის ზრდაზე მიუთითებს.
იმის გათვალისწინებით, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საშუალო საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალია, ხოლო სესხები კი უფრო მოკლევადიანი, ვალის მომსახურების რეალური ტვირთი საქართველოში კიდევ უფრო მაღალია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ზრდა ეკონომიკური აქტივობის თანაზომიერი იყოს და სესხების ზრდა ხელს უწყობდეს ეკონომიკის მდგრად ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ისე, რომ ფინანსური სტაბილურობის რისკები არ დაგროვდეს. კომიტეტის შეფასებით, კოვიდ-19-ის მეორე ტალღის გავრცელების შემდეგ, საკრედიტო აქტივობა შენელდა და არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ წელს საკრედიტო პორტფელის ზრდა 7.5 პროცენტის ფარგლებში იქნება. შესაბამისად, ამ პერიოდში კონტრციკლური მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ამოქმედების საჭიროება არ იკვეთება.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც პანდემიის გავლენის მასშტაბების შეფასება უკეთესად არის შესაძლებელი, შოკის შესაძლო გავლენა ფინანსურ სექტორზე დიდწილად უკვე ასახულია. თუმცა, კვლავ ნარჩუნდება მაღალი გაურკვევლობა, მათ შორის, ვაქცინაციის ჩატარების და პანდემიის დასრულების ვადებთან დაკავშირებით. საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2021 წლის 2 ივნისს გაიმართება.