ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მუშაობის ახალ ფორმატზე გადადის
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე კონტრციკლური ბუფერის უცვლელად, 0%-ზე, დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
კომიტეტის შეფასებით, მიმდინარე პერიოდში, საერთო დაკრედიტების ზრდა შესაბამისობაშია ნომინალური მშპ-ს ზრდასთან. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წელს სესხების წლიურმა ზრდამ, კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16,7% შეადგინა.
„გლობალურად და რეგიონში ვითარების გაუმჯობესების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა საგარეო შოკიდან გამოსვლას განაგრძობს. 2017 წელს ერთჯერადი ფაქტორების შედეგად გაზრდილი მშპ-ის დეფლატორის გათვალისწინებით, ნომინალური მშპ-ს ზრდამ წინასწარი მონაცემებით, 12% შეადგინა. სესხების ფარდობა მშპ-სთან 60%-ის ფარგლებშია და ახლოსაა მის გრძელვადიან ტრენდთან. კომიტეტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საკრედიტო ზრდა იყოს ეკონომიკური აქტივობის თანაზომიერი და სესხების ზრდა ხელს უწყობდეს ეკონომიკის მდგრად ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ისე, რომ არ დაგროვდეს ფინანსური სტაბილურობის ჭარბი რისკები”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
ამასთან, კომიტეტი დღეიდან მუშაობას განახლებულ ფორმატში იწყებს. კომიტეტი კვარტალში ერთხელ შეიკრიბება და ფინანსურ სისტემაში არსებულ ძირითად ტენდენციებზე და გამოწვევებზე იმსჯელებს.
ეროვნული ბანკის განმარტებით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი რეგულარულად აფასებს და აანალიზებს საგარეო რისკებს, ადგილობრივ მიკრო-ფინანსურ გარემოს, შინამეურნეობებისა და კომპანიების რისკებს, საბანკო და არასაბანკო სექტორების სისტემურ რისკებს. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას მაკროპრუდენციული პოლიტიკის ისეთი ინსტიტუტების შესახებ, როგორიცაა: კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი, სესხის მომსახურების და უზრუნველყოფის კოეფიციენტების ლიმიტები, კაპიტალის დამატებითი მოთხოვნა და ლიკვიდობის მოთხოვნა. კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომლის მიზანია საბანკო სისტემის დაცვა დაკრედიტების ჭარბი ზრდისას წარმოქმნილი სისტემური რისკებისგან.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბუფერი გაიზრდება სწორედ მაშინ, როდესაც კომიტეტი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს ბანკების მიერ დაკრედიტების ჭარბ ზრდას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისტემური რისკების დაგროვება.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 23 მაისს გაიმართება.