ეროვნული ბანკის ანგარიშზე განთავსებულ საპენსიო შენატანებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობის სარგებელი დაერიცხება
საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ეროვნული ბანკის ანგარიშზე განთავსებულ თანხებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობის საპროცენტო სარგებელი დაერიცხება.
„2019 წლის პირველი იანვრიდან, „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაიწყო საპენსიო შენატანების შეგროვება. ამავე კანონის მიხედვით, საპენსიო აქტივების განკარგვა და ინვესტირება უნდა განხორციელდეს შესაბამისი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო დაამტკიცებს. იმის გათვალისწინებით, რომ საბჭო ჯერ არ დაკომპლექტებულა, დღის წესრიგში დადგა უკვე აკუმულირებულ სახსრებზე სარგებლის დარიცხვის საკითხი, დამატებითი საკრედიტო რისკების აღების გარეშე.
შესაბამისად, საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის საფუძველზე, საპენსიო სააგენტოს მიეცა აგრეგირებული თანხების ნომინალური მფლობელობის ისეთ ანგარიშებზე განთავსების შესაძლებლობა, რომელსაც კომერციული ბანკების მიერ განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი დაერიცხება.
რაც შეეხება სახელმწიფო ხაზინაში საპენსიო სააგენტოს ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს, ეროვნული ბანკის შეთავაზებით, საპენსიო სააგენტოს შეუძლია, ყოველდღიურად მოახდინოს აღნიშნული თანხების საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ საპენსიო სააგენტოს ანგარიშებზე გადატანა, რასაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობის საპროცენტო სარგებელი დაერიცხება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, უწყების ცნობით, ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ საპენსიო სააგენტოს ანგარიშებზე არსებული თანხებისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის შესახებ, ხელმისაწვდომი იქნება ყოველდღიურად ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
საპენსიო სააგენტოს უფროსის, ლევან სურგულაძის განცხადებით, საპენსიო დანაზოგების ნაწილი, დაახლოებით 30 მილიონი ლარი, ეროვნული ბანკის ანგარიშებზე განთავსდა. რაც შეეხება დანაზოგების მეორე ნახევარს, რომელიც საბანკო დეპოზიტებზეა განთავსებული, მათი საპროცენტო სარგებელი ბანკების მიხედვით განსხვავდება და 5-დან 8.5 პროცენტამდეა.