ეროვნული ბანკი - წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 7.3 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.6 პროცენტით გამყარდა
სექტემბერში ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.1167-დან 3.1155-მდე შეიცვალა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.6688- დან 3.6725-მდე, ანუ 0.1 პროცენტით გაუფასურდა.
თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 3.1228 და 3.6409 შეადგინა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
„საანგარიშო პერიოდში ლარი დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 3.1228, ხოლო მინიმალურმა 3.1099 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა – 0.2 პროცენტი, ხოლო მინიმალური -0.2 პროცენტი დაფიქსირდა.
საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი რუსული რუბლის მიმართ საშუალოდ – 1.0 პროცენტით, სომხური დრამის მიმართ – 0.5 პროცენტით და ევროს მიმართ 0.1 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირის მიმართ საშუალოდ 0.5 პროცენტით გამყარდა. აზერბაიჯანული მანათის მიმართ პრაქტიკულად უცვლელი დარჩა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ამასთან, როგორც ცენტრალურ ბანკში აღნიშნავენ, აგვისტოსთან შედარებით ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 0.6 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.1 პროცენტით გაუფასურდა.
„წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 7.3 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.6 პროცენტით გამყარდა. სავაჭრო პარტნიორთაგან სექტემბერში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 12.3 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში – 19.6 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო უკრაინაში – 11.0 პროცენტი, ბელორუსში – 10.2 პროცენტი, სომხეთში – 8.9 პროცენტი, აზერბაიჯანში – 8.5 პროცენტი, რუსეთში – 7.4 პროცენტი, აშშ-ში – 5.4 პროცენტი და ევროზონაში – 3.4 პროცენტი“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.