ეროვნული ბანკი - ვრცელდება დეზინფორმაცია ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტრანზაქციების აკრძალვის შესახებ, აღნიშნული არის ტყუილი და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა
საქართველოს ეროვნული ბანკში განმარტავენ, დეზინფორმაციაა ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტრანზაქციების აკრძალვის შესახებ.
როგორც სებ-ში აცხადებენ, აღნიშნული არის ტყუილი და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
„ბოლო დღეებში ვრცელდება დეზინფორმაცია ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტრანზაქციების აკრძალვის შესახებ. საზოგადოებას მივმართავთ, რომ აღნიშნული არის ტყუილი და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
რეგიონში გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე, როგორც უცხოური ისე ქართული ბანკები აანალიზებენ, თუ რამდენად მისაღებია მათთვის იმ რესურსის გაღება, რომელიც საჭიროა კონკრეტული ტრანზაქციების სანქციებთან შესაბამისობის დასადგენად. სწორედ ამ შეფასებისა და კომერციული ბანკის შიდა პოლიტიკა-პროცედურების საფუძველზე მიიღება კონკრეტული ტრანზაქციის თაობაზე გადაწყვეტილებები. ამის მაგალითია ინტერნე სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია შვედეთის ერთ-ერთი კომერციული ბანკის მიერ საქართველოს მიმართულებით ფიზიკური პირებისათვის ტრანზაქციების შეწყვეტაზე.
აქვე აღვნიშნავთ, რომ შვედეთის რიგი სხვა ბანკები, ისევე როგორც ევროპისა და აშშ-ს საფინანსო ინსტიტუტები გადმორიცხვებს სტანდარტულ რეჟიმში აგრძელებენ.
ეროვნული ბანკი, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას, რაც გამორიცხავს ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.