ეროვნული ბანკი - ვაქცინაციის დაწყებამ და საერთაშორისო მიმოსვლის შედარებითმა გამოცოცხლებამ, მხოლოდ ივნისში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის 286.8-პროცენტიანი ზრდა განაპირობა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 286.8 პროცენტით გაიზარდა.
სებ-ის ანგარიშის თანახმად, ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 91.0 პროცენტი შეადგინა და წლიურად 361.6 პროცენტით მოიმატა.
ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ საანგარიშო თვეში ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა.
„2021 წლის ივნისში, გლობალურად, მათ შორის საქართველოში, საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვები კვლავ მოქმედებდა. თუმცა, ვაქცინაციის დაწყებამ და საერთაშორისო მიმოსვლის შედარებითმა გამოცოცხლებამ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა განაპირობა – ივნისში წლიურად 286.8 პროცენტით. გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის ივნისში უცხოელ ვიზიტორთა შემოსვლა პრაქტიკულად შეჩერებული იყო და, შესაბამისად, უცხოელ ვიზიტორთა ასეთი მაღალი ზრდა საბაზო ეფექტს უკავშირდება. 2019 წლის ივნისთან შედარებით კი 79.8 პროცენტით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა. რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილები ვიზიტორების ზრდაში უკრაინიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან შემოსულმა ვიზიტორებმა შეიტანეს. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა 12.8-ჯერ გაიზარდა, რამაც მთლიან ზრდაში 22.3 პროცენტიანი წვლილი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ისრაელიდან საქართველოში 344-ჯერ მეტი ვიზიტორი შემოვიდა“, – აღნიშნულია ცენტრალური ბანკის ანგარიშში.