ეროვნული ბანკი - ვაქცინაციის დაწყებამ და საერთაშორისო მიმოსვლის შედარებით გამოცოცხლებამ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა განაპირობა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 140.4 პროცენტით გაიზარდა.
მათივე ცნობით, ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 91.9 პროცენტი შეადგინა და წლიურად 182.2 პროცენტით მოიმატა.
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ საანგარიშო თვეში ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა შემცირდა.
„2021 წლის აპრილში, გლობალურად მათ შორის საქართველოში, საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები ნაწილობრივ კვლავ მოქმედი იყო. თუმცა, ვაქცინაციის დაწყებამ და საერთაშორისო მიმოსვლის შედარებით გამოცოცხლებამ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა განაპირობა, აპრილში წლიურად 104.4 პროცენტით. გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის აპრილში უცხოელ ვიზიტორთა შემოსვლა პრაქტიკულად შეჩერებული იყო, შესაბამისად, უცხოელ ვიზიტორთა ასეთი მაღალი ზრდა საბაზო ეფექტს უკავშირდება. რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილი ვიზიტორების ზრდაში თურქეთიდან (20.1 პპ), უკრაინიდან (13.8 პპ) და აზერბაიჯანიდან (13.8 პპ) შემოსულმა ვიზიტორებმა შეიტანეს. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა 9.6-ჯერ გაიზარდა, რამაც მთლიან ზრდაში 10.0 პროცენტულ პუნქტიანი წვლილი შეადგინა. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ისრაელიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა როგორც მატების (13925.0 პროცენტი), ასევე მთლიან ზრდაში მაღალი წვლილით (10.0 პპ)“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.