ეროვნული ბანკი - ვაქცინაციის დაწყებამ და პირველი ივლისიდან საქართველოში საზღვრების გახსნამ, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის 403.7 პროცენტიანი ზრდა განაპირობა
ეროვნული ბანკი - ვაქცინაციის დაწყებამ და პირველი ივლისიდან საქართველოში საზღვრების გახსნამ, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის 403.7 პროცენტიანი ზრდა განაპირობა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის ივლისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 403.7 პროცენტით გაიზარდა.

სებ-ის ანგარიშის თანახმად, ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 92.5 პროცენტი შეადგინა და წლიურად 473.9 პროცენტით მოიმატა.

ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ საანგარიშო თვეში ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

„2021 წლის ივლისში, გლობალურად, მათ შორის საქართველოში, საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვები კვლავ მოქმედებდა. თუმცა, ვაქცინაციის დაწყებამ და საერთაშორისო მიმოსვლის შედარებითმა გამოცოცხლებამ, ასევე პირველი ივლისიდან საქართველოში საზღვრების გახსნამ, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა განაპირობა – ივლისში წლიურად 403.7 პროცენტით. გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის ივლისში უცხოელ ვიზიტორთა შემოსვლა პრაქტიკულად შეჩერებული იყო და, შესაბამისად, უცხოელ ვიზიტორთა ასეთი მაღალი ზრდა საბაზო ეფექტს უკავშირდება. 2019 წლის ივლისთან შედარებით კი 73.8 პროცენტით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა. რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილები ვიზიტორების ზრდაში უკრაინიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან შემოსულმა ვიზიტორებმა შეიტანეს. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა 24.7-ჯერ გაიზარდა, რამაც მთლიან ზრდაში 43.1 პროცენტიანი წვლილი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ისრაელიდან 702-ჯერ მეტი ვიზიტორი შემოვიდა“, – აღნიშნულია ცენტრალური ბანკის ანგარიშში.