ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება, სპეციალური დაფინანსება იმ კომერციულ ბანკზე გასცეს, რომლის გადახდისუნარიანობას შესაძლოა, საფრთხე შეექმნას
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, სპეციალური დაფინანსება იმ კომერციულ ბანკზე გასცეს, რომლის გადახდისუნარიანობას შესაძლოა, საფრთხე შეექმნას.
შესაბამისი ცვლილებები საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ მოამზადეს, რომლის ინიცირება 10 ივნისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ განსაზღვრული დაფინანსება შესაძლოა, გაიცეს მხოლოდ შემდეგი პირობების ერთდროულად დაკმაყოფილების შემთხვევაში. კერძოდ, სესხი უნდა გაიცეს შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით; სესხი უნდა გაიცეს მაქსიმუმ 91 კალენდარული დღის ვადით, რომელიც გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლოა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით გაგრძელდეს დამატებით, არაუმეტეს 91 კალენდარული დღით; ასევე სესხის გაცემა საჭირო უნდა იყოს ფინანსური სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე; აგრეთვე, კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელი უნდა იყოს ადეკვატური რეკაპიტალიზაციის/რეზოლუციის პირობებში; სესხი უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით უზრუნველყოფილი.
ამასთან, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ სესხის უზრუნველყოფის საგანთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული გარანტია.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გაცემული სესხის მიმღებ კომერციულ ბანკს დამატებითი ან განსხვავებული მოთხოვნები დაუწესოს.