ეროვნული ბანკი - უცხოური ვალუტის სესხებს გაცვლითი კურსისა და საპროცენტო რისკები ახლავს
გასული წლის განმავლობაში, საკრედიტო პორტფელი მაღალი ტემპით განაგრძობდა ზრდას, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნულია.
უწყების ინფორმაციით, მაღალი საკრედიტო ზრდის ფონზე, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიან ტრენდს აჭარბებდა, რაც მნიშვნელოვანწილად შინამეურნეობებზე გაცემული სესხებით იყო განპირობებული.
„დაკრედიტების ზრდის აღნიშნული ტენდენცია კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის გააქტიურების საჭიროებაზე მიუთითებდა. თუმცა, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიჩნია, რომ ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს და მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების ლიმიტების შემოღება, რომელიც 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, საკრედიტო ზრდას საშუალოვადიან პერიოდში მდგრად დონემდე დაიყვანს, რის გამოც კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი აღარ ამოქმედებულა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაკროპრუდენციული პოლიტიკის გამკაცრება არაპოპულარულია, რადგან, როგორც წესი, იგი მოკლევადიან პერიოდში სოციალურ ან ეკონომიკურ ხარჯებთანაა დაკავშირებული მაშინ, როცა მისი სარგებელი (მაღალი და სტაბილური ზრდა, მაღალი დასაქმება და დაბალი ფისკალური ხარჯები), რომელიც, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყოს, მხოლოდ გრძელვადიან პერიოდში ვლინდება, რის გამოც, გამკაცრების აუცილებლობა რთულად აღსაქმელია“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, უცხოური ვალუტის სესხებზე ადგილობრივად შემცირებული საპროცენტო განაკვეთების ფონზე, 2018 წელს მაღალი ზრდით გამოირჩეოდა ფიზიკური პირების უცხოური ვალუტის სესხები.
ეროვნული ბანკის განმარტებით, უცხოური ვალუტის სესხებს, ერთი მხრივ, თან ახლავს გაცვლითი კურსის რისკი, ხოლო, მეორე მხრივ, საპროცენტო რისკი, რომელიც განსაკუთრებით საგულისხმოა მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე საპროცენტო განაკვეთების სავარაუდო ზრდის გათვალისწინებით.
„გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები სუვერენული რისკ-პრემიის ფაქტორიც, რომელიც, ფინანსური კრიზისის შემდგომ ისტორიულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა. აღნიშნული რისკების პრევენციისთვის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი პრესრელიზებში ფინანსურ ინსტიტუტებს მიუთითებდა, სესხების ფასდადებისას სათანადოდ მოეხდინათ უცხოური ვალუტის საპროცენტო რისკების შეფასება და გათვალისწინება“, – მითითებულია საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის ანგარიშში.