ეროვნული ბანკი - ტურიზმიდან შემოსავლებმა წელს სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავალმა მიმდინარე წლის ნოემბერში 201.7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ნოემბრის მაჩვენებელს 5.6 პროცენტით აღემატება.
რაც შეეხება იანვარ-ნოემბერს, მაჩვენებელმა უკვე 3.051 მილიარდ დოლარს მიაღწია. შედარებისთვის, 2018 წლის 12 თვეში შემოსავალმა 3.222 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის დასაწყისში ტურისტული შემოსავლები საშუალოდ ხუთი პროცენტით იზრდებოდა. რუსეთის მიერ დაწესებული ავიასანქციების შემდეგ, შემოსავლების კლება ფიქსირდებოდა, მათ შორის ივლისში 8.6 პროცენტით, აგვისტოში 6.8 პროცენტით, სექტემბერში 4.9 პროცენტით.
ეროვნული ბანკის ცნობით, ტურიზმის შემოსავლების ზრდა ოქტომბერში განახლდა, როცა წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით შემოსავლები 5.2 პროცენტით გაიზარდა.