ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გაწვევას ითხოვს
საქართველოს ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას ორთვიან ვადას აძლევს, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე საბჭოდან გაიწვიონ.
ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე განხილვის შედეგად, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს ბანკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა.
„ამასთანავე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მიეცა ორთვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში და ასევე მითითებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება არც ერთი აქციონერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.
ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველია „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.
„საკითხის შესწავლისას გამოვლინდა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები. შესაბამისად, პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.