საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი მარტისათვის 36.02 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.14 მლრდ ლარით, ანუ 3.28%-ით მეტია პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 339.60 მლნ ლარით, ანუ 2.03%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 804.51 მლნ ლარით, ანუ 4.44%-ით გაიზარდა.
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 38.36 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.19 პროცენტული პუნქტით.
უწყების ცნობით, თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.46% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.22%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.85%.
ამასთან, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.40%, ხოლო ევროს წილმა 14.15% შეადგინა.