ეროვნული ბანკი - თებერვალში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 17.5 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 161.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17.5%-ით მეტია 2020 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.8% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 94.7% მოდიოდა.
სებ-ის ცნობით, გზავნილების მოცულობით იტალია ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 28.55 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. მეორე ადგილზე 25.14 მლნ აშშ დოლარით რუსეთია, მესამეზე საბერძნეთი – 19.71 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზს აშშ – 19.13 მლნ აშშ დოლარით ხოლო მეხუთეზე 13.92 მლნ აშშ დოლარით ისრაელია.
ამასთან, 2021 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.0 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2020 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია.