ეროვნული ბანკი - თბილისში უძრავი ქონების მყიდველების უმრავლესობას საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ
ეროვნული ბანკი - თბილისში უძრავი ქონების მყიდველების უმრავლესობას საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ

უცხოელების მონაწილეობა თბილისში სახლის ან ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში 8,8 პროცენტამდეა გაზრდილი, თუმცა ეს ჩამორჩება 2019 წლის მაქსიმუმს, რომელიც 9 პროცენტი იყო, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევაში, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჩაატარა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მიუხედავად გაზრდილი ტრანზაქციებისა უცხოელების მხრიდან, დედაქალაქში უძრავი ქონების მყიდველების უმრავლესობას საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.

„მყიდველების უმრავლესობას თბილისში საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ. უცხოელების ტრანზაქციების ზრდა, ძირითადად, რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. მიუხედავად ამისა, რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობა ამ ტრანზაქციებში იმდენად სწრაფად არ იზრდება, რამდენადაც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსების რაოდენობა ან თუნდაც რუსეთიდან მიღებული გზავნილების მოცულობა. ეს უკანასკნელი 2022 წლის ოქტომბერში 7,7-ჯერ აღემატებოდა 2019 წლის იმავე თვის მაჩვენებელს“, – აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, როგორც სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რუსეთის მოქალაქეების წილი სახლის ან ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში 0.9 პროცენტიდან 5 პროცენტამდე გაიზარდა თბილისში, ხოლო ბათუმში – 5 პროცენტიდან 17,6 პროცენტამდე, თუმცა, მიუხედავად ამისა, ცენტრალური ბანკი საკუთარ კვლევაში აღნიშნავს, რომ გზავნილების მცირე ნაწილი ხმარდება უძრავი ქონების შეძენას, უფრო მეტი კი სხვა ხარჯებზე მოდის – კვება, ქირა და ა.შ.

„რუსეთის ის მოქალაქეები, რომელთაც ქართული წარმომავლობა აქვთ, თბილისში უფრო მეტად ყიდულობენ საცხოვრებელ ფართს, ვიდრე ბათუმში. დანარჩენი ნაწილი კი – პირიქით. საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას აქვს რამდენიმე ფუნდამენტური საფუძველი, როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების მხრიდან. დეველოპერულ კომპანიებს ფასის ზრდის საშუალებას აძლევს გაძლიერებული მოთხოვნა, რომელიც მოდის როგორც რეზიდენტებიდან, ასევე არარეზიდენტებიდან. გაზრდილია გზავნილები, საშუალო ხელფასი და მშპ ერთ სულ მოსახლეზე. საქსტატის თანახმად, დეველოპერული კომპანიებისთვის მიმდინარე წელს გაზრდილია თვითღირებულებაში შემავალი ხარჯები. დოლარში გამოსახული ფასების ზრდას ხელი შეუწყო ასევე ლარის კურსის გამყარებამ, ლარში გამოსახული ისტორიული შემოსავლის შესანარჩუნებლად დეველოპერებმა გაზარდეს დოლარში გამოხატული ფასი“, – აღნიშნულია კვლევაში.