ეროვნული ბანკი სესხის გამცემი სუბიქტებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს მართავს
საფინანსო სექტორში 2019 წლის 1 იანვრიდან დაგეგმილი რეგულაციების ამოქმედების პროცესის გამარტივებისა და ინფორმირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი სესხის გამცემ სუბიექტებთან შეხვედრებს მართავს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, არასაბანკო დაწესებულების ზედამხედველობის, იურიდიული და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს თბილისსა და რუსთავში არსებულ სესხის გამცემ სუბიექტებთან. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებს დეტალურად განემარტა ცვლილებები და მოთხოვნები, რომელიც მომდევნო წლიდან ამოქმედდება.
2019 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად განსაზღვრული სესხის გამცემი სუბიექტების ცნება და მათი ვალდებულება, დარეგისტრირდნენ საქართველოს ეროვნულ ბანკში. ამასთან, საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება აღნიშნული სუბიექტების ზედამხედველობის უფლებამოსილება. საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით სესხის გამცემი სუბიექტია ნებისმიერი პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს) აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე შეიმუშავა სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესიც, რომლის მოთხოვნების დაცვა 2019 წლის 1 იანვრიდან სავალდებულოა. აღსანიშნავია, რომ სესხის გამცემ სუბიექტებს მოუწევთ ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის მოთხოვნების სრული დაცვა.
მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართება საქართველოს სხვა რეგიონებში მოქმედი მეწარმე სუბიექტებისთვისაც: თელავი, 14 დეკემბერი, 13:00 საათი, ჭავჭავაძის მოედანი N5; გორი, 15 დეკემბერი, 12:00 საათი, მშვიდობის გამზირი N12 ა; ზუგდიდი, 17 დეკემბერი, 15:00 საათი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45, სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო, მე-4 სართული; ბათუმი, 18 დეკემბერი, 12:00 საათი, რუსთაველის 32 / ნინოშვილის 34, ბათუმის უნივერსიტეტის შენობა; ოზურგეთი, 19 დეკემბერი, 12:00 საათი, მერაბ კოსტავას ქუჩა N1, სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზი; ქუთაისი, 20 დეკემბერი, 12:00 საათი, რუსთაველის გამზირი N3, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის შენობა.