ეროვნული ბანკი - სესხის გამცემი სუბიექტები კანონის მოთხოვნებისთვის თავის არიდებას ცდილობენ
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ სესხის გამცემი ცალკეული სუბიექტები ცდილობენ, კანონის მოთხოვნებს თავი აარიდონ.
ამის შესახებ ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებულ ცვლილებებზეა საუბარი.
„2019 წლის პირველი იანვრიდან, პირი, რომლის მიმართ 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება და ამავდროულად გასცემს სესხებს, ვალდებულია, რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს ეროვნულ ბანკში. სესხის გამცემმა სუბიექტებმა უნდა დაიცვან კანონითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები. მათ შორის, 200 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნული ვალუტით უნდა გასცენ, დაიცვან მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 50-პროცენტიანი ზღვარი რეგულირებით დადგენილ შემთხვევებში, სესხი გასცენ მხოლოდ მსესხებლის გადახდისუნარიანობის ფარგლებში, მოახდინონ მსესხებლის სწორი ინფორმირება და სხვა.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ცალკეული სუბიექტები სავარაუდოდ ცდილობენ თავი აარიდონ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მათ შორის, რეგისტრაციის კუთხით, და მოჩვენებითად გააგრძელონ იგივე საკრედიტო საქმიანობა, რაც გარდა სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, შესაძლოა, საგამოძიებო ორგანოს მხრიდან შესწავლის საგანი გახდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გვერდის ავლით დადებული ხელშეკრულებები, მხარეთა შორის დავის შემთხვევაში, შესაძლოა, ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი გახდეს, რასთან დაკავშირებითაც დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს.
უწყების განცხადებით, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ეროვნული ბანკი თვალს ადევნებს თავისი კომპეტენციის სფეროში მიმდინარე პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ღონისძიებების განხორციელების საკითხს განიხილავს.