ეროვნული ბანკი - სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 348.8 პროცენტით გაიზარდა, მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებიდან კი 9.4-ჯერ
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 348.8 პროცენტით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 92.5 პროცენტი შეადგინა და წლიურად 401.3 პროცენტით მოიმატა.
ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ საანგარიშო თვეში ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
„გლობალურად შედარებით გააქტიურებული ტურიზმისა და საქართველოში პანდემიის შემაკავებელი ზომების შერბილების ფონზე უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა გაგრძელდა. სექტემბერში ვიზიტორების წლიურმა ზრდამ 348.8 პროცენტი შეადგინა, თუმცა ეს საბაზო ეფექტს უკავშირდება, ვინაიდან შარშან ზაფხულსა და შემოდგომაზე ტურიზმი პრაქტიკულად გაჩერებული იყო. 2019 წლის სექტემბერთან შედარებით კი 71.1 პროცენტით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა.
რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილები ვიზიტორების ზრდაში რუსეთიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან შემოსულმა ვიზიტორებმა შეიტანეს. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა 9.4-ჯერ გაიზარდა, რამაც მთლიან ზრდაში 44.0 პროცენტიანი წვლილი შეადგინა. განსაკუთრებით, პოლონეთიდან და გერმანიიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ მოიმატა. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია საუდის არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, როგორც ზრდის ტემპით, ასევე მთლიან ზრდაში მაღალი წვლილით“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნულ ბანკში.