ეროვნული ბანკი - სექტემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 9.2%-ით გაუფასურდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი პრაქტიკულად არ შეცვლილია
სექტემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 9.2%-ით გაუფასურდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი პრაქტიკულად არ შეცვლილია. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6995-დან 2.7077-მდე, ანუ 0.3%-ით, ხოლო ევროს მიმართ – 2.9677-დან 3.0082-მდე, ანუ 1.4%-ით გაუფასურდა. თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.7297 და 3.0480 შეადგინა. სექტემბერში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.6896 იყო, მინიმალური კი – 2.7297.
„სექტემბერში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მაქსიმალური და მინიმუმი მნიშვნელობა თითქმის თანაბრად იყო გადახრილი. სექტემბერში, საშუალოდ, დოლართან მიმართებაში შესამჩნევია ლარის, თურქული ლირისა და რუსული რუბლის გაუფასურება; ევრო და სომხური დრამი გამყარდა, ხოლო აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 9.2%-ით გაუფასურდა, თვის ჭრილში კი – 0.5%-ით.
რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, წლიურად პრაქტიკულად არ შეცვლილა, თვის ჭრილში გაუფასურება კი 0.1%-ია. ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციაზე ზრდის წნეხს ქმნის. სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით, როგორებიც არიან თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, აზერბაიჯანი, აშშ, ევროზონა და სომხეთი, სექტემბერში წლიური ინფლაცია საქართველოში ყველაზე დაბალი იყო. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაცია იკლებს, თუმცა მთლიანობაში ფასები ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.