ეროვნული ბანკი - სექტემბერში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 26.7 პროცენტით შემცირდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 751.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 26.7%-ით, ანუ 103.3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2022 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.8% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.4% მოდიოდა.
გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 59.47 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია – 43.29 მილიონი აშშ დოლარით. მესამე ადგილს 41.25 მილიონი აშშ დოლარით აშშ იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა გერმანია 21.14 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – საბერძნეთი 20.49 მილიონი აშშ დოლარით.
2023 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 76.5 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.5%-ით ნაკლებია.