ეროვნული ბანკი - სექტემბერში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 577 მლნ ლარით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2021 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 930.93 მლნ ლარით, ანუ 2.32%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისთვის 41.01 მლრდ ლარი შეადგინა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 576.89 მლნ ლარით, ანუ 3.00%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 354.04 მლნ ლარით, ანუ 1.70%-ით გაიზარდა.
ამასთან, ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.42 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 5.10%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 13.31 მლრდ ლარის, რაც წინა თვესთან შედარებით 2.12%-ით მეტია. ხოლო, 2021 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.63%-ით, ანუ 326.63 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისთვის 20.42 მლრდ ლარი შეადგინა.
სებ-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 48.33 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.32 პროცენტული პუნქტით.