ეროვნული ბანკი - საქართველოში დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს
2024 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 0.0% შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასები 0.3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ამავდროულად, მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება.
ამასთან, სებ-ის ცნობით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი, საგარეო შოკების ეტაპობრივ მილევასთან ერთად, იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობს.
„დეკემბერსა და იანვარში წითელ ზღვაში არსებულმა დაძაბულობამ საერთაშორისო ტრანსპორტირების ფასები მკვეთრად გაზარდა. ამ ფაქტს ჯერჯერობით საქონლის ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. ტრანსპორტირების ფასების შემდგომი ცვლილება წითელ ზღვაში მიმდინარე კონფლიქტის ხანგძლივობასა და ინტენსივობაზე იქნება დამოკიდებული. იანვარში, დეკემბერთან შედარებით, გამოსარჩევია ელექტროენერგიის, საშუალოდ, 13.2%-ით გაიაფება, რამაც თვის ინფლაცია 0.3 პროცენტული პუქნტით შეამცირა. წლიურ ჭრილში აღსანიშნავია სურსათზე 2.8%-ით ფასების კლება, რის გამოც ინფლაციამ 0.9 პროცენტული პუქნტით მოიკლო. სურსათიდან გამოსარჩევია მზესუმზირის ზეთის, პურის, კარტოფილისა და ყველის გაიაფება, რამაც იანვარში ინფლაცია, ჯამში, 1.4 პროცენტული პუქნტით შეამცირა. ძროხის ხორცის გაძვირებამ კი ინფლაცია 0.4 პროცენტული პუქნტით გაზარდა. ამდენითვე გაზარდა ინფლაცია საბანკო მომსახურების გაძვირებამ. იანვარში ბენზინის ფასმა თვიურად ოდნავ იკლო, თუმცა გასული წლის იანვრის ფასს 10.4%-ით გადააჭარბა და ინფლაციის ზრდაზე 0.4 პროცენტული პუქნტით გავლენა იქონია. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 1.2% შეადგინა“, – აცხდებენ სებ-ში.
ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციის კლება გრძელდება, რაც მეტწილად სურსათის ფასების წლიურ გაიაფებას და ზოგიერთ მომსახურებაზე, მაგალითად, ბინის ქირა, სამედიცინო მომსახურება, ქალაქის ტრანსპორტი და ა.შ., საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება.
„ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია იანვარში 2.7%-მდე შემცირდა. სურსათის ფასების, ელექტროენერგიისა და ზოგიერთი მედიკამენტის წლიური გაიაფება შერეულად წარმოებული პროდუქტების (-4.2%) დეფლაციას იწვევს. იმპორტირებული პროდუქტების დეფლაცია მცირდება (-0.2%) და ამის მიზეზი, პირველ რიგში, საწვავის ფასების წლიური ზრდა და საბაზო ეფექტია. ადგილობრივ ინფლაციას მომსახურება (5.5%) განაპირობებს. მომსახურების წვლილი ადგილობრივ ინფლაციაში 2.8 პროცენტული პუნქტია, შესაბამისად, მომსახურების გამოკლებით ადგილობრივ პროდუქტებში მცირედი დეფლაცია (0.1%) ფიქსირდება. თავის მხრივ, მომსახურების ინფლაციაში ყველაზე მაღალი წვლილი საბანკო მომსახურების გაძვირებას აქვს“, – ნათქვამია ცენტრალური ბანკის ანგარიშში.