ეროვნული ბანკი საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ახალი საკოლექციო მონეტის რეალიზაციას 6 ივლისიდან დაიწყებს
ეროვნულმა ბანკმა საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად საკოლექციო მონეტა გამოუშვა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტის დიზაინი გიორგი აფხაზავასა და მაია ძიძიგურის მიერ ერთობლივად მომზადდა. მონეტა სლოვაკეთის ზარაფხანაში 1500-იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 95 ლარია და მისი შეძენა 2021 წლის 6 ივლისს, 16:00 საათიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის საშუალებით, ხოლო 9 ივლისიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმშიც იქნება შესაძლებელი.
მონეტების მეტი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობის მიზნით, პროდუქცია 2021 წლის 6 ივლისიდან, 15 დღის განმავლობაში, ლიმიტირებულად გაიყიდება – ერთ მომხმარებელს მხოლოდ ერთი მონეტის შეძენა შეეძლება.