ეროვნული ბანკი საპენსიო ფონდების ზედამხედველების საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი წევრი გახდა
საქართველოს ეროვნული ბანკი საპენსიო ფონდების ზედამხედველების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOPS) მმართველი წევრი გახდა.
2018 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომლის მიხედვით საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება. განხორციელებული საპენსიო რეფორმის შედეგად, სააგენტომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საპენსიო სქემის მონაწილეთა თანხების შეგროვება და ადმინისტრირება დაიწყო. დღეისათვის სქემაში 700 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ფონდის მოცულობა კი, 500 მილიონ ლარს აღემატება.
ეროვნული ბანკის ცნობით, IOPS-ის წევრობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რაც ბანკს შესაძლებლობას მისცემს გაიზიაროს სხვა წევრი ქვეყნების მიერ საპენსიო ფონდების რეგულირების სფეროში დაგროვილი გამოცდილება.
IOPS 2004 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და საერთაშორისო საპენსიო რეგულატორებისა და ზედამხედველების ქსელის (International Network of Pension Regulators and Supervisors, INPRS) მიერ დაფუძნდა და მისი მთავარი მიზანია საპენსიო სისტემების ზედამხედველობის ხარისხისა და ეფექტურობის გაუმჯობესება, ასევე, არსებული საპენსიო სქემების განვითარებისა და ოპერაციული ეფექტურობის გაღრმავება. ორგანიზაცია განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებს უწევს დახმარებას, სადაც საპენსიო სისტემები ახალი დანერგილია და საპენსიო სქემის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ შესაბამის ტექნიკურ დახმარებასა და კვლევების მომზადებას სთავაზობს. ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც მონაწილეობენ საპენსიო ზედამხედველობის პოლიტიკის შემუშავებასა და დიალოგში. მათ შორისაა OECD, მსოფლიო ბანკი, სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაცია (ISSA), დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაცია (IAIS) და საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF).
დღესდღეობით, ორგანიზაციაში 87 ქვეყნის წარმომადგენელია გაერთიანებული.