ეროვნული ბანკი სამომხმარებლო სესხებზე ვადის გაზრდის საკითხს სექტემბერში გადახედავს
ეროვნული ბანკი სამომხმარებლო სესხებზე ვადის გაზრდის საკითხს სექტემბერში გადახედავს

არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ვადიანობას ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე უცვლელად ტოვებს. შესაბამისად, მომხმარებლებს, ოთხი წლის ნაცვლად, კვლავ, მაქსიმუმ, სამწლიანი სამომხმარებლო სესხის აღება შეუძლიათ.

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, სამომხმარებლო სესხებზე ვადის გაზრდის საკითხი სექტემბერში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე გავა განსახილველად.

„სამომხმარებლო სესხების ვადიანობის შემცირების გადაწყვეტილება ინფლაციის შემცირების პოლიტიკის ფარგლებში იყო მიღებული. ეს ე.წ. მაკროპრუდენციული ზომაა, რომელიც სამომხმარებლო სესხების კუთხით აქტივობის შენელებას ისახავს მიზნად, რასაც, თავის მხრივ, ანტიინფლაციური ეფექტი ჰქონდა. ამ თვალსაზრისით კარგი შედეგები იყო მიღწეული, რადგან ამ სეგმენტის საკრედიტო აქტივობის ზრდის ტემპი თუ გასულ წელს 40%-ს აღწევდა და იყო ინფლაციის მაგენერირებელი და ფასების ზრდის მაპროვოცირებელი ფაქტორი, დღეს ის თითქმის განახევრებულია და 20-22%-ია. მაგრამ მაინც ჯერ კიდევ საყურადღებოა. თუ ჩვენ შევხედავთ, როგორ იზრდება საქართველოში საკრედიტო აქტივობა და ჩავშლით სესხების ჯგუფების მიხედვით, დავინახავთ, რომ ერთ-ერთი მზარდი არის სამომხმარებლო სესხები. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებამ თავისი პოზიციური გავლენა შეასრულა, ჩვენ სექტემბერში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა გვექნება, სადაც ყველა დადებით მხარეს და რისკს ავწონით და აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ“, – განაცხადა თურნავამ.