ეროვნული ბანკი - საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით იანვარში არსებული შეზღუდვების ფონზე, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა მცირეა
2021 წლის იანვარში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 93.6 პროცენტით შემცირდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 87.2 პროცენტი შეადგინა და წლიურად 91.9 პროცენტით დაიკლო.
ეროვნული ბანკის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში ასევე შემცირდა ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა.
„2021 წლის იანვარში, გლობალურად, მათ შორის საქართველოში, კვლავ რჩება შეზღუდვები საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით. ამის ფონზე, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ძალიან მცირეა. რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორების კლება რუსეთიდან (-97.8 პროცენტით), აზერბაიჯანიდან (-97.5 პროცენტით) და სომხეთიდან (-95.8 პროცენტით) გამოირჩეოდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა კვლავ ძალიან მცირეა, რაც მთლიან შემცირებაში 4.1 პროცენტული პუნქტით აისახა“ – ნათვქმია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.