ეროვნული ბანკი - საბანკო რეგულაციების გამარტივების გადაწყვეტილება მიღებულია
სესხის გამცემ სუბიექტებს მომხმარებლების დაკრედიტებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ტვირთი შეუმცირდებათ და რისკების მართვაში მეტი მოქნილობა მიეცემათ. შემცირდება, მათ შორის, სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის განსაზღვრული შემოსავლის ზღვრების რაოდენობა, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
ეროვნულ ბანკში საქართველოს პირველ არხთან აღნიშნეს, რომ რეგულაციების გამარტივებასთან დაკავშირებით დოკუმენტის იურიდიული შეფასება მიმდინარეობს და გადაწყვეტილება ძალაში ამის შემდეგ შევა, დეტალებიც მას შემდეგ გახდება ცნობილი.
სებ-ში ასევე აღნიშნავენ, რომ რეგულაციის ძირითადი პრინციპი უცვლელია და სესხის გამცემმა ორგანიზაციამ მსესხებელს ისეთი ფინანსური ვალდებულება არ უნდა დააკისროს, რომლის მომსახურებაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეს წარმოადგენს.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის’’, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შეფასებით, კორონავირუსის საფრთხის ზრდამ შესაძლოა, დაკრედიტების ტემპი შეანელოს.