ეროვნული ბანკი - რუსული ტურისტული სანქციების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე 200-300 მილიონ აშშ დოლარამდე იქნება
საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, რუსული ტურისტული სანქციების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე წლის ბოლომდე 200-300 მილიონ აშშ დოლარამდე იქნება. ამის შესახებ უწყების მიერ ლარის კურსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ეროვნული ბანკის ცნობით, ეს საგარეო შოკი აისახება საგადამხდელო ბალანსზე და შესაბამისად, კურსზეც.
„ამ ეტაპზე, რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, თუმცა პირველადი გათვლებით, რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებას წლის დარჩენილ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა დაახლოებით 200-300 მლნ აშშ დოლარამდე ექნება. ეს საგარეო შოკი აისახება საგადამხდელო ბალანსზე და, შესაბამისად, კურსზეც. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პირველი კვარტალის მიმდინარე ანგარიშის დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე ანგარიში 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით დაახლოებით ორჯერ (207 მლნ აშშ დოლარით) გაუმჯობესდა. ეს ნიშნავს, რომ სხვა თანაბარ პირობებში, მათ შორის რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებითაც, წლის განმავლობაში საგარეო ბალანსი პროგნოზირებულზე მცირედით, მაგრამ მაინც გაუმჯობესდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები. შესაბამისად, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების შესახებ ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზეც ისახება.