ეროვნული ბანკი - პანდემიის გახანგრძლივებამ და მასთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ შესაძლოა, ეკონომიკის საწარმოო პოტენციალის გაუარესება გამოიწვიოს
ეროვნული ბანკმა ფინანსური სტაბილურობის 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გლობალურ ვაქცინაციასთან და მსოფლიო ეკონომიკის მოსალოდნელზე უფრო სწრაფად გაჯანსაღებასთან ერთად, სიტუაციის ეტაპობრივი გაუმჯობესებაა მოსალოდნელი, რაც გაზრდილ საგარეო მოთხოვნასა და ფინანსურ შემოდინებებში აისახება.
ანგარიშის თანახმად, ამასთან, რეგიონსა და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელება და ვაქცინაციის ჯერ კიდევ მცირე მასშტაბები, პანდემიის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული გაურკვევლობის შენარჩუნებას განაპირობებს. აღნიშნულმა გაურკვევლობამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ინვესტორთა განწყობაზე და ქვეყნის სუვერენული რისკის გადაფასება გამოიწვიოს.
ანგარიშის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში ქვეყნიდან კაპიტალის გადინება დაიწყება და ადგილობრივი ვალუტა გაუფასურების წნეხის ქვეშ აღმოჩნდება. მაღალი დოლარიზაციის გათვალისწინებით, აღნიშნული რისკის მატერიალიზაცია მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს როგორც ინფლაციაზე, ასევე საკრედიტო პორტფელის ხარისხზე.
„პანდემიის გახანგრძლივებამ და მასთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ შესაძლოა, ეკონომიკის საწარმოო პოტენციალის გაუარესება გამოიწვიოს. სამუშაო ძალის მაღალი კონცენტრაციის მქონე სექტორების, განსაკუთრებით ტურიზმის, აღდგენის გაჭიანურება გრძელვადიანი უმუშევრობის ზრდას განაპირობებს. გაუარესებული მოლოდინის პირობებში, ფინანსურმა სექტორმა შესაძლოა, საკრედიტო პირობები გაამკაცროს, რაც ეკონომიკურ სირთულეებს დამატებით გაამძაფრებს და გაჯანსაღების დაწყებას კიდევ უფრო გადაავადებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
სტაბილურობის ანგარიშის მიხედვით, წელს ქვეყნის ეკონომიკის 8.5 პროცენტამდე გაზრდაა მოსალოდნელი. ვაქცინაციის მასშტაბების ზრდასთან ერთად, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, მოსალოდნელია ქვეყნებს შორის მობილობის გააქტიურება. აღნიშნული დაშვებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდა წლის მეორე ნახევარშიც გაგრძელდება, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, იგი კვლავ დაბალ დონეზე შენარჩუნდება.
„გასათვალისწინებელია ისიც, რომ გლობალური ეკონომიკური პროგნოზის მსგავსად, საქართველოს ეკონომიკური პროგნოზები გაურკვევლობის მაღალი დონით ხასიათდება“, – აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.