ეროვნული ბანკი - ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 50.42 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 581.85 მლნ ლარით, ანუ 1.17%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 27.80 მლნ ლარით, ანუ 0.14%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 554.05 მლნ ლარით, ანუ 1.86%-ით გაიზარდა.
სებ-ის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 49.25 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.42 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.97% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.48%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.40%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.07%, ხოლო ევროს წილმა 20.14% შეადგინა.